გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით იზრდება

26-11-2021

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილებები განახლებულმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა. მისივე განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად,


დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 300 მლნ. ლარით იზრდება შემოსავლების ნაწილი, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს - ეს სეგმენტი 297.4 მლნ. ლარით იზრდება, რაც ძირითადად კოვიდთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე ნაწილდება.


გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 376 მლნ. ლარით იზრდება. ასიგნებები 60 მლნ. იზრდება თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების დაფინანსებას მოხმარდება. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - აღნიშნული უწყება მიმდინარე წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 57.9 მლნ. ლარს მიიღებს. ცვლილებები საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილ დაფინანსებასაც ეხება, რომლის ბიუჯეტიც 12 მლნ. ლარით მცირდება.


სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეფასებით, თავდაცვის ძალები ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია და შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას.


კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით გაეცნენ.


კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილებები ტექნიკური უზუსტობების და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით მომზადდა და მისი ძირითადი ნაწილი ტერმინების ცვლილებებს შეეხება.


კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930