გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

1-12-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ენგურჰესის კაშხალზე ინფო-ტური გამართა.


საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებითა და ეკონომიკის მინისტრის ხელშეწყობით „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ტურისტულმა ცენტრმა დაიწყეს.


ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.


პროექტის ფარგლებში იგეგმება სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის განთავსება, ექსტრემალური ატრაქციების, რეგიონში ყველაზე გრძელი „ზიპ ლაინის“ მოწყობა, ასევე სარეკრეაციო-გასართობი ზონების, ღია საკონცერტო სივრცის, სანაოსნო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.


ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია 2015 წელს განესაზღვრა.


ენგურჰესის კაშხლის დათვალიერების შემდეგ ტურის მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნულ პარკში მდინარე ჭურიის ხეობა დაათვალიერეს. მდინარე ჭურია უნიკალური ეკოსისტემით გამორჩევა. ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) დანახვაა შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930