გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბინე მახლი: ნება მომეცით, უმაღლესი შეფასება მივცე საქართველოს მთავრობას ამ მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნისთვის

3-12-2021

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის, სისტემის სახელით, ნება მომეცით, უმაღლესი შეფასება მივცე საქართველოს მთავრობას ამ მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნისთვის, - ამის შესახებ გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კომიტეტმა უნდა შეასრულოს მაკოორდინირებელი მექანიზმის ფუნქცია.

„ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ყველა იმ ადამიანის ნახვა, ვინც ჩართულია ამ მნიშვნელოვან საქმეში. ჩემთვის დიდი პატივია დღეს უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე დასწრება. ეს არის საუკეთესო გზა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება 1992 წლიდან. მისი მიზანია ამ პირების უფლებათა დაცვა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პირობების გაუმჯობესება ყველა საზოგადოებრივ სფეროში, ასევე მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთი მიზანია ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობის შესახებ ყველა ასპექტში, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრების ასპექტი.
ყოველივე ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით, რომელმაც ძალიან მძიმე გავლენა იქონია ყველაზე, განსაკუთრებით კი დაუცველ ჯგუფებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ჩვენ ყოველდღე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოვალეობაა უკეთესი მომავლის აშენება - ჩვენს გენერალურ მდივანს თუ დავესესხებით, მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი მომავლის აშენება ყველასთვის. და ამ პროცესში არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ეს გახლავთ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, რომელიც ასახავს ყოველი ჩვენგანის მტკიცე გადაწყვეტილებას უთანასწორობის შემცირებასთან და ყველა ადამიანის ინკლუზიური ჩართულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ამ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო კომიტეტმა უნდა შეასრულოს მაკოორდინირებელი მექანიზმის ფუნქცია, ეს გახლავთ ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ფორუმი, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო უწყებები შეიკრიბებიან და შეიმუშავებენ ერთიან მიდგომას შესაბამისი სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად და კონვენციის დებულებების შესასრულებლად. ეს კი გულისხმობს კონვენციით განსაზღვრული უფლებების დაცვას და გატარებას.


ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე", - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.


მან იმედი გამოთქვა, რომ ეს კომიტეტი იქცევა ქმედით ორგანოდ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე რეაგირების და არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრის კუთხით.


„საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის, სისტემის სახელით, ნება მომეცით, უმაღლესი შეფასება მივცე საქართველოს მთავრობას ამ მაკოორდინირებელი მექანიზმის შექმნისთვის. ასევე მივესალმები ყველა ჩართულ პირს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებმაც გასწიეს ფასდაუდებელი შრომა ამ მექანიზმის შესაქმნელად შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოების და პრაქტიკული მოქმედების ფარგლებში.


ასევე სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩვენს პარტნიორთან - ევროკავშირთან თანამშრომლობით და საერთო სულისკვეთებით, გაერომ წვლილი შეიტანა ამ პროცესში. UNDP და OHCHR თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ყველა მონაწილე მხარესთან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ მთავარ დაუცველ ჯგუფს საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ მათ.


ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ამ მნიშვნელოვანი უწყების დაარსება. გარწმუნებთ, რომ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში მზად არის მთავრობის, პარლამენტის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მომუშავე ყველა მხარის მხარდასაჭერად ჩვენი გადაწყვეტილებების და აღებული ვალდებულებების ხელშესახებ შედეგებად გარდასახვისაკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, სადაც ყველას ექნება საკუთარი უფლებების გამოყენების საშუალება", - აღნიშნა საბინე მახლიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930