გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუმსიშვილმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა

7-06-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ელისო კილაძის წინააღმდეგ გაზეთში „ქრონიკა +” გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო განაცხადი შეიტანა. განაცხადის თანახმად, უხეშად დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, უშუალოდ პუბლიკაცია კი მისმა ავტორმა გამოიყენა და მიმართა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის პიროვნების მიზანმიმართული დისკრედიტაციისკენ.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვა საზოგადოების ყველა წევრს მოეთხოვება, მით უფრო, მედიას, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.


„ამდენად, საგანგაშოა, როდესაც რომელიმე მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიზნობრივად ცრუ და ყალბი ფაქტები მიეწოდება. კარგად მესმის, რომ როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე, როდესაც გავრცელებული ცრუ ინფორმაცია შეეხება უამრავ ადამიანს, ვისთვისაც სიმართლის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყალბი ფაქტებით მანიპულირება დაუშვებელია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისივე განცხადებით, მედიაში ცილისმწამებლური, კონკრეტული პიროვნების ღირსების შემლახავი და ამასთან, არგუმენტებით სრულიად გაუმყარებელი მასალების გამოქვეყნება, უპირობოდ ეწინააღმდეგება ქარტიის მიერ დეკლარირებულ, უმთავრეს მიზანს, რაც საზოგადოებაში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დამკვიდრებას და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესებას გულისხმობს. „ამდენად, იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ჟურნალისტური გაერთიანება დადგება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის მხარეს და ისე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930