3-12-2021
„რა თქმა უნდა, ლიტერატურული კონკურსების პროექტი სამინისტროში გრძელდება. ჩვენ დავაფუძნეთ ახალი კონკურსი - ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი და პრემია, რომელიც 15 ოქტომბერს დაფუძნდა და ოქტომბერშივე გაიცა. ეს ფესტივალი და კონკურსი არის შერეული, მხოლოდ ლიტერატურას არ მოიცავს და ყველა მიმართულებას ეხება. პერფორმანსის მიმართულებით წელს ჩვენ დავაჯილდოვეთ ცნობილი ქართველი მხატვარი მამუკა ცეცხლაძე იმ პირველი პერფორმანსისთვის, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში მოაწყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს მიმდინარე ლიტერატურულ კონკურსებზე და აღნიშნა, რომ ამ კონკურსებში კონკურენცია უკვე საკმაოდ მაღალია.
„ამჟამად მიმდინარეობს კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის მოსაპოვებლად. აქ 43 კონკურენტია და მე ყველას გეპატიჟებით 19 დეკემბერს დაჯილდოებაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის იმ შესანიშნავ, ტრადიციულ და დიდი სიმბოლოთი დატვირთულ დარბაზში, სადაც მოვიწვევთ არა მხოლოდ სრულწლოვნებს, არამედ პირველ რიგში ბავშვებს, ვინაიდან გოგებაშვილის პრემია გადაეცემა გამარჯვებულებს სწორედ ბავშვთა და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში.
ჩვენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან და ქეთევან დუმბაძესთან ერთად დავაფუძნეთ ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო" და ახალი წლის დღეებში მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურენცია უკვე ძალიან მაღალია, განაცხადების მიღება ჯერ არ დასრულებულა და 70-ზე მეტი განაცხადია შემოსული - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე ლიტერატურულ პრემიაზე „ლიტერა" და განაცხადა, რომ სამინისტრო ამ პრემიას აღარ დაიბრუნებს.
„მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა, „ლიტერა" სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო კუთხით დაფუძნებული. არ იყო გამოცემული არც ერთი აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის იმ მიზნით, რომ შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას. მე არ ვერევი (ეს არ არის ჩემი ფუნქცია) და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პროექტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა. თავად მე არ ვაპირებ რომანების და ლექსების წერას. შესაბამისად ჩემგან არ არსებობს არავითარი საფრთხე და არც იმისი სურვილი, რომ ვინმე შევაფასო. ეს არ არის ჩემი ფუნქცია.
ვფიქრობ, მომავალ წელს გვექნება მინიმუმ 5 სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი. მათ შორის ის, რაც უკვე ჩამოვთვალე. ერთ-ერთი კონკურსი და ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ შესაბამის პროფესიონალებთან ერთად, ეძღვნება სპეციალურად ქალ მწერლებს, როგორც ეს არსებობს არაერთ დასავლეთ-ევროპულ ქვეყანაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
16-11-2024
16-11-2024