7-12-2021
როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი კოვიდ-19-ის ბარათი, რომელიც ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.
„მინდა ყურადღება გავამახვილო კოვიდ პასპორტთან და აპლიკაციებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს საკითხი გარკვეულ წილად ყველაზე აქტუალური იყო ამ დღეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ - ქვეყანაში არის ორი აპლიკაცია, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ. პირველი აპლიკაცია არის Georgia e-health და როგორც ცნობილია, ეს აპლიკაცია დაერთებულია ევროკავშირის ერთიან სივრცეზე. როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს. ცხადია, Georgia e-health მოქმედებს საქართველოში და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს აპლიკაცია დაყენებული აქვს, ის ამას ჩვეულებრივად იყენებს თავისი მწვანე სტატუსის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად.
ასევე ცხადია, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი კოვიდ-19-ის ბარათი, რომელიც თავისთავად ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
როგორც საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, CovidPass Georgia გამოიყენება მხოლოდ საქართველოში.
„რაც შეეხება CovidPass Georgia-ს, ის გამოიყენება მხოლოდ საქართველოში და არის ორი დანიშნულების - პირველი დანიშნულება მას აქვს ის, რომ ჩვენ ჩვენი სტატუსი გადავამოწმოთ და ვნახოთ, მეორეა ჩაშენებული სკანერი, რომლითაც აპლიკაცია ახდენს ადამიანის მწვანე სტატუსის იდენტიფიკაციას. რა შეეხება რეგისტრაციას, რეგისტრაცია არის ძალიან მატივი, სულ რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ცხადია არის ხარვეზები, იყო პრობლემები, რომელიც სწორდება. რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც ადაპტირება მოახდინეს ამ აპლიკაციის და საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ. ეს აპლიკაცია გამოყენებადია ასევე იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთიდან არის შემოსული და არ არის ევროკავშირის ერთიანი სივრცის წევრი. საზღვარზე ხდება მისი სტატუსის დაფიქსირება, რომელიც გამოიყენება საქართველოში. გარკვეული ტექნიკური პრობლემები ცხადია იყო. ეს დაკავშირებული იყო სხვადასხვა ასპექტთან, მაგალითად, დაგვიანების ატვირთვასთან ბაზაში, ასევე ბაზაში შეტანილ არასწორ მონაცემებთან. ამისთვის წარიმართა საინფორმაციო კამპანია. ინფორმაცია ასევე განთავსებულია ვებგვერდებზე, მათ შორის პროვაქსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდებზე, ასევე გახსნილია ცხელი ხაზი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
ვისაც არ აქვს აპლიკაცია, მას შეუძლია გამოიყენოს საქართველოში დაბეჭდილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც აქვს QR ან Bar კოდი", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.