გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანმა რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

9-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავს ეწვია და სამუშაო შეხვედრა გამართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელობასა და დასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ვიცე-მერი კახა გურული და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.


შეხვედრაზე იმსჯელეს რუსთავის თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებსა და თეატრის სამართლებრივ სტატუსზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავის ახალარჩეული მერის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივას, რომლის შედეგადაც, თეატრის მომავალი წლის ბიუჯეტი 300 000 ლარით გაიზარდა და დიდწილად ეს ზრდა შეეხო სახელფასო ფონდს. ვინაიდან რუსთავის თეატრის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა მისი შენობის მძიმე მდგომარეობაა, თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თუკი მუნიციპალიტეტი ჩაატარებს შენობის მდგრადობის ექსპერტიზას, კულტურის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხების მოძიებაში რუსთავის მერთან ერთად ჩაერთოს.


შეხვედრაზე ასევე მსჯელობა გაიმართა რუსთავში არსებული სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობაზე და კულტურის მინისტრი დადებითად გამოეხმაურა რუსთავის მერის ინიციატივას, რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების რეფორმაში სამინისტროს ჩართულობის შესახებ.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს კულტურის მინისტრი რუსთავის თეატრსა და კულტურის სახლს მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ეწვია. თეატრში ვიზიტისას მინისტრი თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს შეხვდა. თეა წულუკიანმა სამინისტროსა და მუნიციპალური თეატრების თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა და დაპირდა თეატრის დასს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას დაგეგმავდა, რომელზეც თეატრის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებდნენ. სწორედ ეს შეხვედრა შედგა დღეს რუსთავში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930