16-12-2021
DCFTA-ის არაფორმალური მინისტერიალების პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასოცირებული ტრიო ელის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, მწვანე და ციფრული გარდაქმნა, დაკავშირებადობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა, - ამის შესახებ ნათქვამია ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოცირებულმა ტრიომ გამოხატა ინტერესი ტრიოს ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის ციფრულ ევროპასა და დაკავშირებული ევროპის ინსტრუმენტში მონაწილეობის, ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის როუმინგის გადასახადების შემცირების გზით.
„ჩვენ მზად ვართ, ყველა ღონე გამოვიყენოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მათ შორის მაღალ დონეზე, რათა გავაძლიეროთ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გაზის ტრანსპორტირების არსებული მარშრუტების სრულად გამოყენებით, ევროკავშირის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, ელექტროქსელების სინქრონიზაციისა და ენერგიის როგორც ზეწოლის იარაღად გამოყენების პრევენციის გზით. ჩვენ აღვნიშნეთ ევროკავშირსა და ტრიოს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების საჭიროება, რაც მოიცავს საგზაო ტრანსპორტის ბაზრის ლიბერალიზაციას, სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდაჭერით", - აღნიშნულია განცხადებაში.