16-12-2021
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-7 გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის - დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სესიის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რეგიონულ სესიაზე რევაზ ჯაველიძემ საჯარო სერვისებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარების, სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების მიმართულებით დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი და განსაკუთრებული აქცენტი საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ გამჭვირვალობასა და საზოგადოების ჩართულობაზე გააკეთა. რევაზ ჯაველიძემ სესიის მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკური პორტალი „ბიუჯეტის მონიტორი" გააცნო, რომლის მიზანია საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოქალაქეებისთვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა.
რევაზ ჯაველიძემ განმარტა, რომ პორტალზე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე განთავსებულია ანალიტიკური სახის ინფორმაცია, მოქალაქეებთან ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებით კი პლატფორმა გლობალური პანდემიის პირობებში, ღია მონაცემების დისტანციურად ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას იძლევა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ასევე ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესზე. შეხვედრაზე მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის მიერ განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრეს და ყურადღება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის ინოვაციურ რეფორმებზე გაამახვილეს.
რეგიონულ სესიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მონტენეგროს, მაკედონიის, სერბეთის, უკრაინისა და სომხეთის მაღალი რანგის პოლიტიკურმა პირებმა, ასევე ევროპული კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა.
ღია მმართველობის პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს გლობალურ სამიტს სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქი, სეული მასპინძლობს. პანდემიის გათვალისწინებით, სამიტი ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. OGP-ის ყოველწლიური გლობალური სამიტის მიმდინარე პრიორიტეტები შეეხება სამოქალაქო სივრცისა და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინკლუზიური ციფრული ინოვაციის მხარდაჭერის საკითხებს.