28-12-2021
ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ლონდა თოლორაიაზე და აღნიშნა, რომ ის კვალიფიციური და გამოცდილი კადრია.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება - ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი. მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი - არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონნპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში. შესაბამისად, დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია. პერსონალური ცალკე გამოიყოფა, ჩვენ არ ვაუქმებთ, ბუნებრივია და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი უფლებებით. მე არ მინდა, ინდივიდებზე ვილაპარაკო, ამ შემთხვევაში ქალბატონ ლონდა თოლორაიაზე, შემიძლია აქედან საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო ქალბატონ ლონდას, მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში, ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი, თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ - პოლიციაში. ჩვენ სიამოვნებით, თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024