გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ

28-12-2021

წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცდა ჯილდოებისა და საპატიო წოდების მინიჭების წესი.


ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ცნობილი მეცნიერი, არქეოლოგი, პედაგოგი ამირან კახიძე. მის სახელს უკავშირდება არქეოლოგიური მუზეუმის დაფუძნება. ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენი გადაეცა დინამო ბათუმის წარმატებულ მწვრთნელს გიორგი გეგუჩაძეს. ბათუმის დინამომ 2021 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდაცვალების შემდეგ, ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება ჯემალ კიკნაძე. ის იყო სამართლის სფეროში მოღვაწე ცნობილი იურისტი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე, ადვოკატი. უდიდესი წვლილი მიუძღვის სამართლებრივი პრაქტიკის დადგენასა და განვითარებაში.


ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დავით მურვანიძე - სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და პუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კლინიკური დირექტორი, ინფექციონისტი. აჭარის რეგიონში COVID-19-ის გავრცელების დღიდან აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა გურამ ფუტკარაძეს, რომელიც გახლავთ აჭარის დამსახურებული მხატვარი, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, საპატიო ბათუმელი, მხატვართა მრავალი თაობის აღმზრდელი. გარდაცვალების შემდეგ, ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე.


ტბელ აბუსერისძის III ხარისხის ორდენი გადაეცა პედაგოგ გივი ხალვაშს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება მიენიჭა მანანა ფაღავას და ლევან ბოლქვაძეს. მანანა ფაღავას დიდი წვლილი მიუძღვის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. ლევან ბოლქვაძე აჭარაში ვაზის მივიწყებული ენდემური ჯიშების, გენოფონდის შენარჩუნების და მათი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930