12-01-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რუმინეთის ელჩს რეზვან როტუნდუს უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა რეზვან როტუნდუს თანამშრომლობისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით Covid-19-ის პანდემიის პირობებში.
მინისტრმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტმა ძალიან კარგი სტარტი აიღო და აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ. უნივერსიტეტის კარი უცხოელი, მათ შორის, რუმინელი სტუდენტებისთვისაც ღიაა.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარებას განაპირობებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კოლაბორაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა რუმინელ მეცნიერებსა და კვლევით დაწესებულებებსაც ექნებათ ინსტიტუციურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას საზეიმოდ მოეწერა ხელი. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება სამეცნიერო-კვლევითი თვალსაზრისით ქართველ მეცნიერებს დიდ შესაძლებლობებს უხსნის. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
შეხვედრაზე მხარეებმა რუმინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამების გაფართოებაზე ისაუბრეს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ელჩის მოადგილე დრაგოს ისპასი ესწრებოდა.
16-11-2024
16-11-2024