23-01-2022
ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა და ეპიდემიოლოგმა ნონა ბაკურაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.
შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
16-11-2024
16-11-2024