31-01-2022
საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სანდო ინსტიტუციის, სახელის შელახვის მცდელობები მედიაში ისეთი მეთოდების გამოყენებით გრძელდება, როგორიც არის თემით მანიპულირება და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ამჯერად საუბარია „ტვ პირველის“ საინფორმაციო ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელშიც რეპორტაჟის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე საუბრობს. როგორც სიუჟეტის ავტორის, ისე რესპონდენტების მტკიცებით, კონკრეტულ ტენდერებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ოჯახის წევრების კომპანიებმა გაიმარჯვეს „არჩევნების გაყალბების“ სანაცვლოდ. აუცილებლად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ ტენდერი არის საჯარო პროცედურა, რომელშიც ნებისმიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა; ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ამა თუ იმ ტენდერში მონაწილეების ნათესაური კავშირი ვერ იქნება ვარაუდის საფუძველი რაიმე სახის „გარიგებასთან“ დაკავშირებით, იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ცესკოს წარმომადგენელი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოცხადებული ტენდერის შედეგზე.
ასევე მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებულ ტენდერებთან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაკავშირება არის თემით მანიპულირება, საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია და სამართლებრივ ჭრილში კი საფუძველს მოკლებული ვარაუდები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რაც ემსახურება ინსტიტუციის მიმართ ნდობის შემცირებას და მისი რეპუტაციის შელახვას.
შეგახსენებთ, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ დეზინფორმაციულ რეპორტაჟებთან დაკავშირებით ცესკომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ ორჯერ მიმართა; ორივე შემთხვევაში ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასულ რეპორტაჟებში დარღვეული იყო ინფორმაციის სიზუსტის პრინციპები. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში უსაფუძვლო ვარაუდებით. საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას ინსტიტუციის საქმიანობასთან დაკავშირებით და ექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერ სიცრუესა თუ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში" - აცხადებენ ცესკოში.
16-11-2024
16-11-2024