გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლისაა

7-02-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 104-ე წლისთავს ეპიდვითარების შესაბამისი ფორმატით აღნიშნავს.

უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყობა უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ექსპოზიციაში განთავსდება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც ასახავს საქართველოში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისა და შედგომი განვითარების საინტერესო ინფორმაციას.


უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით, თსუ მუზეუმმა განაახლებს არქეოლოგიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. მნახველისთვის გამოიფინება ფონდებში დაცული ექსპონატები, ლაბორატორიულად დამუშავებული და კონსერვირებული არქეოლოგიური მასალა, ასევე, თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიერ ბოლოდროინდელ არქეოლოგიულ ექსპედიციებში აღმოჩენილი არტეფაქტები.


ონლაინ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უნივერსიტეტის 104-ე წლისთავისათვის თსუ ბიბლიოთეკის თაოსნობით გამოცემული ორი ახალი წიგნი: „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“( II ტომი) და აკაკი ჩხენკელის დღიურები - წიგნი პირველი (1918-1921).


წიგნი „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ ორი ტომისგან შედგება და ასახავს 1920 წელს ევროპელი სოციალ-დემოკრატების და მუშათა მოძრაობის ლიდერების ჩამოსვლას საქართველოში. პირველი ტომი ევროპელი დელეგატების ვიზიტს ეხება. მეორე ტომში წარმოდგენილია დელეგატების მიერ საქართველოს შესახებ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები, რომელიც ემილვანდერ ველდეს ინსტიტუტის დახმარებით გადმოეცა უნივერსიტეტს.


ასევე ონლაინ სივრცეში განთავსდება წიგნი „აკაკი ჩხენკელის დღიურები,“ რომლის პირველ წიგნში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, დიპლომატის, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის აკაკი ჩხენკელის მემორიალური მემკვიდრეობის 2 რვეული. ამ ნაწილში აღწერილია 1918 წლის შემოდგომიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე.  ყოველდღიური და პოლიტიკური მოვლენები. მეტი სიცხადისათვის დღიურს თან ერთვის კომენტარები, რაც მკითხველს გაუადვილებს პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ მისთვის უცნობი პიროვნებებისა თუ მოვლენების აღქმას.


წიგნებთან ერთად ონლაინ სივრცეში განთავსდება  ევროპელი სოციალისტების დელეგაციის ვიზიტის ამსახველი ფოტოები და ფოტო-გამოფენა აკაკი და კიტა ჩხენკელების პირადი არქივიდან, რომელიც თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება და რექტორის, გიორგი შარვაშიძის ინიციატივით გადმოეცა უნივერსიტეტს.


თსუ-ში გამოფენებზე დაცული იქნება  კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930