11-02-2022
როდესაც ეკონომიკა იზრდება 10,6%-ით, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ, 10,6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა - ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად და ვიღაცას საშუალოდ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ნიშნულის გაზრდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, თუმცა, ასევე დიდმა ნაწილმა ეს ვერ იგრძნო.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი საკმარისი არ არის და დღესაც, მოქალაქეების დაახლოებით 20% სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
„სამართლიანობის და მშვიდობის გარეშე, ვერ იქნება ვერც ეკონომიკური განვითარება, ვერც სოციალური პრობლემების მოგვარება. იმის პარალელურად, რომ ეს პოლიტიკური საკითხები გადავჭერით, რაც იყო ჩვენს წინაშე, არჩვენების წინ თუ მის შემდეგ, მუშაობდა მთავრობა და უზრუნველყო 10,6% ეკონომიკური ზრდა, - ჩვენ ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც ჩაგვაყენა პანდემიამ და გარკვეული დოზით, გავასწარით კიდეც პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. თუმცა, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. დღესაც, დაახლოებით 20% ჩვენი მოქალაქეებისა, არის სიღარიბის ზღვარს მიღმა.
როდესაც ეკონომიკა იზრდება 10,6%-ით, ეს ნიშნავს, რომ 10,6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10,6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა, - ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად, ვიღაცას საშუალოდ ეხება და ა.შ. ეს ადამიანების დიდმა ნაწილმა ჯიბეზე იგრძნო, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024