გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ზაზა სარალიძის მონოლოგი რუს ჟურნალისტთან: ჩემი შვილის საქმის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების წინააღმდეგი ვარ

14-06-2018

რუსული ინტერნეტ-გამოცემა «Daily Storn»-ი აქვეყნებს ინტერვიუს მსგავს ფორმატში ზაზა სარალიძესთან ჩაწერილ მასალას, რომელსაც სტატიის ავტორი მარია ეფიმოვა მონოლოგს უწოდებს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:


ჟურნალისტურ ფაკულტეტზე მასწავლიდნენ, რომ ინტერვიუსათვის კითხვები „გადაბრუნებული პირამიდის“ პრინციპით უნდა მოამზადო, ანუ ზოგადიდან კონკრეტულისკენ... ხელში ბლოკნოტი უნდა გეჭიროს და ჭკვიანური გამომეტყველებით შიგ შენიშვნები აკეთო, უნდა ეცადო, რომ რესპოდენტი წინააღმდეგობრივ აზრებში გამოიჭირო... და რომ რეპლიკებით „უნდა გახსნა“.


მაგრამ მე ინტერვიუსათვის იმ ადამიანთან მივდიოდი, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში პოლიტიკის ყველა შაბლონი დაანგრია და ამიტომ ჩემს მიერ მომზადებული კითხვებიც გაცამტვერდა. ეს ადამიანი ზაზა სარალიძე იყო. მაფრთხილებდნენ, რომ მასთან მისვლა შეუძლებელი იყო: „ზაზასთან გინდა საუბარი? ვერ მიხვალ! შესაძლოა მისი თანამოაზრე დაგეხმაროს, სულ მუდამ ზაზასთან რომ ტრიალებს, „სააკაშვილისტი“ და პროფესიონალი ოპოზიციონერი ზვიად კუპრავა. მაგრამ იცი სადაა ახლა კუპრავა? ციხეში! პოლიციასთან 11 ივნისს მოხდარი შეხლა-შემოხლის გამო 14-დღიან „აბანოში“ ჩასვეს. როგორ მოხვდე ზაზასთან? არანაირად. მას ტელეფონიც კი არ აქვს - ჟურნალისტები არ მასვენებენო“.


სინამდვილეში, ზაზა სარალიძეს, ცხადია, ტელეფონი აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად გამორთული... მოკლედ, ბედმა გამიღიმა: ორი დღის წინათ იგი მიტინგზე დავიჭირე და ინტერვიუ ვთხოვე. იგი დამეთანხმა 20-წუთიანი საუბრისათვის. მაგრამ როცა მან ლაპარაკი დაიწყო, თავისი ისტორია მოჰყვა, მე ზედმეტად მივიჩნიე რაღაც კითხვების დასმა. ამიტომ გადავწყვიტე მკითხველისათვის წარმედგინა ზაზა სარალიძის ნაამბობის სრული ტექსტი, მინიმალური კორექტურული ჩასწორებებით, გამეორებებით, რაც გარდაუვალია მონოლოგის დროს.
-------------
„მე ხალხის შეკრება შევძელი, რადგან ყველამ დაინახა - ვიბრძვი უსამართლობის წინააღმდეგ. მე ეს თავიდანვე გავაჟღერე, როგორც კი სასამართლოს დარბაზიდან გამოვედი. მოსახლეობამ ჩემი მოწოდება შეისმინა, ადამიანებმა ჩემი ტრაგედია გაითავისეს და ჩემთან ერთად დადგნენ. ჩემი დათოს მკვლელებიც იქ იყვნენ, მაგრამ სასამართლომ 30 მაისს ისეთი განაჩენი გამოიტანა, თითქოსდა მკვლელები არ არსებობენ. მე იმისთვის ვიბრძვი, რომ მკვლელი დაისაჯონ და აბსოლუტურად ყველა ის პიროვნება, ვინც ამ საქმეს აჭიანურებდა, ვინც მკვლელებს მფარველობდა. მათ დამსახურებული სასჯელი უნდა მიეზღოთ. ჩემთან ერთად დგანან არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ სხვა მკვლელობების მსხვერპლთა მშობლებიც, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს. მათ დღემდე არ იციან თავიანთი შვილების მკვლელთა ვინაობა.


ჩემი შვილის მკვლელობიდან ექვსი თვის მანძილზე მე ქართველი ხალხის შეწუხება არ მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლეს მე თვითონ ვიპოვიდი... მაგრამ 30 მაისს მივხვდი, რომ უსუსური ვიყავი. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო და გადავწყვიტე ხალხისთვის დამეძახა გვერდით დასადგომად: ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც ჩემს თავსდატეხილი ტრაგედიის მიმართ გულგრილი არ რჩებოდა - ეროვნების, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად.


გამოძიების დღიდან ბოლო მომენტამდე იმედი ერთი წამითაც კი არ დამიკარგავს. მე ვიცოდი სიმართლე - ვიცოდი, თუ ვინ იყო მკვლელი, მაგრამ მას ყველა მფარველობდა და მის დამალვას ცდილობდნენ. გაანადგურეს სამხილები და მტკიცებულებები. მოწმეები ისე დააშინეს, რომ 100-დან 96-მა დუმილის უფლება გამოიყენა. გულწრფელად გეუბნებით, არ მეგონა, თუ 30 მაისს ასეთ განაჩენს მოვისმენდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მივიდოდი მოსამართლე ეკა არეშიძესთან და მადლობას გადავუხდიდი იმისათვის, რომ იგი არ შეშინდა, სისტემის წინააღმდეგ წავიდა და დამნაშავეები ღირსეულად დასაჯა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.


მიტინგებზე, რომლებიც სოლიდარობის ნიშნით მიმდინარეობდა, ცხადია, ისმოდა პოლიტიკური ლოზუნგებიც. იმ მომენტში ვიღაც-ვიღაცეებმ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მე ვითომდა „სახელმწიფო გადატრიალების ინსტრუმენტის სახით მიყენებდნენ“. მაგრამ ეს სრული აბსურდია., ამას კატეგორიულად უარვყოფ. მე მხოლოდ სიმართლისათვის ვიბრძვი და მჯერა, სამართალმა უნდა იზეიმოს.


ჩვემთვის ყველა ჩვეულებრივი ადამიანია, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს. ერთ რამეს გეტყვით: დიახ, შეიძლება რომელიმე პარტიას სურს ჩემი და ჩემთან დაკავშირებული სიტუაციის გამოყენება საკუთარი ინტერესებისათვის, მაგრამ ჯერ მე პარტიების აშკარა ჩარევას ვერ ვხედავ და საერთოდ, მე ამის წინააღმდეგი ვარ.


როგორც კი ჩემი შვილის მკვლელობის გამო საქმე აღძრეს, იმ მომენტიდან ვიცი, ვინაა მკვლელი. ვიცი, ვინც დამალა მთავარი სამხილები. სისტემა საქმის თეთრი ძაფით შეკერვას ცდილობდა. ამიტომაც მე ვითხოვ ყველას დასჯას, ვინ კი ამ პროცესში მონაწილეობდა - გამომძიებლების, პროკურორების... ვინც კი წინასწარ განზრახვით ფაქტები მიჩქმალა. აი, მაშინ სისტემა ავტომატურად კრახის წინაშე დადგება. ახლა ველოდები, როდის გადადგამს მთავრობა სწორ ნაბიჯებს ჩემს მხარეს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ უნდა გავჩერდე. ყოველდღე დაპირებებით გვკვებავენ, რომ გამოძიება წინ მიდისო, მაგრამ არ დავნებდები, საქმეს ბოლომდე მივიყვან ჩემი შვილის ხსოვნისათვის. მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვარ.
ის აქციები, რომლებსაც ვატარებთ, ეს ძალადობისა და ზეწოლის აქციები არ არის, ეს არის სოლიდარობის აქციები, მათ მშვიდობიანი ხასიათი აქვთ. დიახ, მას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, მაგრამ ამ ფაქტორმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩემს მიმართ სოლიდარობას და მხარდაჭერას. ვინც ნამდვილადაა დაინტერესებული იმაში, რომ სამართალმა იზეიმოს, რომ მკვლელები დაისაჯნონ, პარტიებს არ შეხედავს, მოვა და გვერდით დამიდგება. დავიღალე გამოძიების იმიტაციით. დავიღალე ამ აბსურდის თეატრით. მკვლელები ქუჩაში დაუსჯელად დასეირნობენ. ამიტომ სისტემა უნდა დაინგრეს“.




წყარო: «Daily Storn» (რუსეთი)


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930