11-02-2022
კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ გაუმჯობესდეს.
„საპენსიო გასაცემლებზე სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტიდან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის.ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან.
ფაქტიურად, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას.ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, ეს მომსახურება არ გაუარესებულიყო, პირიქით გაუმჯობესდეს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალდღიანი და მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას.
მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებითაც გაუმჯობესების ძალიან დიდი სივრცეა და პირობები ჩვენი პენსიონერების გაუმჯობესდება. მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა ბანკების მხრიდან დაინტერესებისა და კონკურენციის შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ჩვენი პენსიონერებისთვის.ვფიქრობ, რომ კომისიამ წარმატებით იმუშავა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ის უპირველესი ამოცანა, რომელიც გვქონდა, შევასრულეთ, შევაჯერეთ და ეს არის საყოველთაო გადაწყვეტილება, რომელშიც მონაწილეობდა, როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი საქართველოს მთავრობიდან, ისე საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024