გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება - რამდენიმე მაჩვენებლით ჩვენ 2019 წლის მონაცემებიც კი გავაუმჯობესეთ

23-02-2022

საქართველოს დელეგაცია ავტორიტეტული საერთაშორისო საავიაციო ფორუმის Connect 2022 - ის მუშაობაში მონაწილეობს, რომელზეც 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანია და 280 - ზე მეტი აეროპორტია წარმოდგენილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ასეთ წარმომადგენლობით ფორუმში საქართველოს მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველოს საავიაციო ბაზრის პოტენციალით სექტორის უმსხვილესი კორპორაციები დაინტერესდნენ.   


„საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფრენები სრულდება 235-240 სიხშირით და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 70%. ფრენები ხორციელდება 33 ავიაკომპანიის მიერ და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 103%. მიმართულებების კუთხით, თებერვალში გვაქვს 56 მიმართულება მსოფლიოს 28 ქვეყანაში, როდესაც 2019 წელს იყო 70 მიმართულება 29 ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ შეადგინა 80%, ხოლო ქვეყნების რაოდენობა კი აღდგა 97%-ით. ფორუმი Connect - ი ევროპის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, სადაც საავიაციო სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებზეა საუბარი. საქართველოს დელეგაციას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებითაა წარმოდგენილი, დაგეგმილი აქვს პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება ჩვენი ქვეყნის ავიაბაზრის სიახლეებზე, არსებულ და დაგეგმილ საავიაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,  მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის. ჩვენ ველოდებით საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, Connect 2022 – ის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა სამომავლოდ საქართველოში ახალი პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდოს.საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2013 წლიდან უწყვეტად მონაწილეობს. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. 
ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდით, ან ახალი მიმართულებების დამატებით და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. შედეგად, საქართველოში ფრენები დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air France, Eurowings, Tarom, Ryanair, Sky Up, Wizz Air-მა დაამატა ახალი მიმართულებები და სხვები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930