28-02-2022
მე არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო, არ მინდა ვიხილო თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები, დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მკაცრი ზომებისგან უკან არასდროს იხევს, თუმცა, ახლა არსებობს რეალური საფრთხე.
„სანქციები არის ის უმწვავესი ფორმა, რომელსაც იყენებს მსოფლიო და თანამეგობრობა. სანქციების დანიშნულება არის, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. საქართველო უკან არასდროს იხევს ძალიან მკაცრი ზომებისგან. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომელსაც დავიწყებული აქვს, რომ 2014 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, საქართველო შეუერთა სანქციებს ყირიმთან მიმართებით და ეს სანქციები გრძელდება ყოველწლიურად და 2014 წლის შემდეგ ჩვენ ერთხელაც არ დაგვიხევია უკან, რომ ამ სანქციების შესახებ უარი გვეთქვა. მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყნის მხრიდან ინდივიდუალურად დაწესებულ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამ საფრთხეებზე ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს. როდესაც ასეთ სიფრთხილეს იჩენს პრემიერ-მინისტრი, ეს მისი საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე არსებული ძალიან მაღალი პასუხისმგებლობიდან მოდის.
რა გგონიათ, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვართ?! ჩვენი ცხოვრებითა და საქმიანობით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და იმ უკანონობის წინაშე ბრძოლა, რასაც უკანონობის წინაშე ბრძოლა ჰქვია საქართველოში. როგორ გგონიათ პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა არ უნდა ეკიდებოდეს ასეთი სიფრთხილით პროცესს მაშინ, როდესაც 40 კილომეტრში დგანან?! მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ?! ის, რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ბორელი გამოდის და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოს, ეს ხომ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები არ არის, ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ საფრთხეებსა და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გვაქვს. რაც გვალაპარაკებს არის პასუხისმგებლობა თქვენსა და ჩვენი შვილების წინაშე. მე არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო, არ მინდა ვიხილო თბილისის მიმართულებით მომავალი რუსული ტანკები, დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, ის უმძიმესი მდგომარეობა, როგორც ქართველებს ექცეოდნენ და სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთის ფედერაციიდან აძევებდნენ“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
16-11-2024
16-11-2024