18-06-2018
ძალიან ხისტ განცხადებებს აკეთებთ ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ევროპულ საქართველოს“ მისამართით, რასაც მათი მხრიდან მყისიერი რეაქციები მოჰყვება ხოლმე. ხშირად, დიდ საინფორმაციო კამპანიებსაც გიძღვნიან და საპარლამენტო ტრიბუნიდან ფორსირებულად გცემენ პასუხებს.
იცით ზუსტად, რომ თქვენს განცხადებებს მათი მხრიდან ასეთი რეაქციები მოჰყვება და მაინც აგრძელებთ მათთვის წარსულის შეხსენებას. რა მიზანი გაქვთ?
მე ვფიქრობ რომ ის პოლიტიკური წარსული, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, არ უნდა მიეცეს დავიწყებას. დღეს მარტივ მამარავლებად რომ დაიშალნენ და ამბობენ, იცით რა, ჩვენ ისინი აღარ ვართ, ახლა სხვები ვართო, ისინი ჩემთვის ერთნი არიან.
მათთვის წარსულის შეხსენება აუცილებელია, იმიტომ კი არა რომ გვსიამოვნებს, არამედ იმიტომ რომ ხალხმა არ დაუშვას კიდევ ერთხელ შეცდომა, როგორც ჩვენ დავუშვით მაშინ, როცა ისინი მოვიყვანეთ ხელისუფლებაში. ეს არის ჩემი მიზანი. დღეს მათ აქვთ ძალიან საშიში მცდელობა, რომ გაუბრალოება მოხდეს გირგვლიანის საქმის, წამების, უსამართლო სასამართლოსი და ყველაფრის, რაც კი მათ ჩაუდენიათ. ეს გაუბრალოების მცდელობა მათ აქვთ. დარწმუნებული ვარ, აქვთ გეგმა რომ საკუთარი ცუდი საქმეები ნელ-ნელა დაავიწყონ ქვეყანას. ეს არის სერიოზული საფრთხე. ჩვენი ვალია და ამაში არ ვგულისხმობ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, თითოეული მოქალაქის ვალია რომ ეს არ დაუშვას.
როგორც კი ჩვენ დავივიწყებთ იმას, რაშიც ვიყავით, გვემუქრება საფრთხე რომ ეს დაგვემართოს თავიდან. იმისთვის რომ ეს არ დაგვავიწყდეს, მთავრობა და ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს. ამას ალბათ უნდა მიეცეს სხვა ფორმა, უნდა იმუშაონ ისტორიკოსებმა, სპეციალისტებმა.
პოლიტიკოსებმა კი არ ილაპარაკონ ამაზე, არამედ ისტორიული შეფასება მიეცეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას, რადგან ეს უკვე ისტორიაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე პირადად ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ჩვენ თუ არ მოგვესწრება, ჩვენს შვილებს მოესწროს იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ძლივს მოვიშორეთ 2012 წელს. ამიტომ მე არ ვერიდები ხოლმე, რომ მათ შევხსენო, სადაც არის მათი ადგილი. თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, ამისთვის არსებობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, ამიტომ არის ბატონი ვანო იქ, სადაც არის.
და მათ, ვინც გარეთ არიან და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ შეგროვდა თუ არ არსებობს, მათ უნდა იცოდნენ რომ აქვთ მოკრძალებული ადგილი.
და სად არის მათი ადილი?
აი მაგალითად ვინც პარლამენტშია, შეიძლება დანაშაულებრივ საქმიანობაში არ იყო ჩართული მაგრამ იმ რგოლის ნაწილია და ცოტა სხვა ტონით უნდა საუბრობდეს, ეს არის ჩემი მიდგომა, თორემ დამეწრმუნეთ, რომ მე ძალიან მიყვარს კარგ ხასიათზე ყოფნა და სულაც არ მიყვარს ასეთ დებატებში ყოფნა, თუმცა დავიწყება არის ძალიან საშიში.