გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესა და ქართველ სტარტაპერებთან შეხვედრაზე მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა

1-04-2022

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) გამართა შეხვედრები.


FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს, GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე, რომლებიც საქართველომ ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში მოიპოვა. საუბარი შეეხო წარმატებულ ქართულ სტარტაპ კომპანიებს, მათ შორის, კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გავიდნენ. ავთანდილ კასრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული სტარტაპის წარმატება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი შემოსავალია და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.


FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია ასევე შეხვდა ქართველ სტარტაპერებს კრიპტო მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქართულ სტარტაპებთან მომავალი პარტნიორობის შესაძლებლობები. ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალგაზრდა სტარტაპებს აქვთ უნარი, სწრაფად მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას და მოიპოვონ წვდომა გლობალურ რესურსებსა და დაფინანსებაზე.


დელეგაციის წევრებმა, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებიან, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.


მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.


ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. სამ ბანკმან-ფრიდს გაცხადებული აქვს, რომ ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930