გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლებში საერთაშორისო პროგრამის „ეკოსკოლების“დანერგვის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა

8-04-2022

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს.

 

მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობას გულისხმობს. მათ შორის, დოკუმენტი ითვალისწინებსსაერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის„ეკოსკოლების“ საქართველოს  საჯარო სკოლებში დანერგვასა და ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობას.

 

ხელმოწერის ღონისძიებაზე თამარ მახარაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის –„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – წარმომადგენლობას სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით მოზარდებში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი საერთო მიზნისკენ – აღვზარდოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე თაობა.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამას „ეკოსკოლები“ ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებში თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ თემას და შესაბამის აქტივობებს ახორციელებს. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არჩეული თემის მიმართულებით შვიდივე საფეხურს დაასრულებს, მას „მწვანე დროშის“ მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. საბოლოოდ, სკოლას სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს და შესაბამის ჯილდოს გადასცემს. მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე დროშის“ მოპოვება დაჯილდოებული სკოლების მსოფლიო რუკაზე განთავსებას გულისხმობს, რაც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის.

 

 „ეკოსკოლა“ საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც, სკოლებში მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების კუთხით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარემოსდაცვითი განათლების ფონდის წევრ 70-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930