გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის კონსულს მარიუშ პანდელეას შეხვდა

11-04-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის კონსულს მარიუშ პანდელეას შეხვდა და მასთან ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.


ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომლებიც ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის, აგრეთვე ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.


ყურადღება გამახვილდა საფოსტო კავშირების უწყვეტი და შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობას უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდების კუთხით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველომ, 2022 წლის პირველი აპრილის მონაცემებით, უკრაინაში 400 ტ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება განახორციელა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებიდან. მეტიც, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.


გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველო, მათ შორის, „საქართველოს ფოსტა" მომავალშიც განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას უკრაინისადმი.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გააგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930