18-04-2022
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული უორკშოპი ჩაატარა. „Storytelling - როგორ მოვყვეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ", ამ თემაზე ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მსმენელებს გამოცდილება რეპორტიორმა მარიკა ბაკურაძემ გაუზიარა. როგორ მოვყვეთ ამბავი ვრცელ რეპორტაჟში და დავაინტერესოთ მაყურებელი, რით განსხვავდება ვრცელი რეპორტაჟი საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბებისგან, როგორ დავიწყოთ ამბის თხრობა, ვაჩვენოთ ავტორის პოზიცია და მივიტანოთ ამბავი სწორად მაყურებლამდე - უორკშოპზე სწორედ ამ თემებს დაეთმო ძირითადი დრო.
ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. ჟურნალისტებმა განიხილეს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში არსებული როგორც საუკეთესო მაგალითები, ისე - დაშვებული შეცდომები. გაარჩიეს რეპორტაჟები და ჩაატარეს ექსპერიმენტები, მათ შორის ანონსის, სცენარის, სთენდაფის, ვიზუალური მართლწერის, ტექსტისა და სტუდიური შესავლის მომზადების მიმართულებით.
მარიკა ბაკურაძე 23 წელზე მეტია მოქმედი ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს რეპორტიორად და პროდიუსერად მუშაობდა, როგორც ჟურნალ-გაზეთებსა და რადიოში, ისე ტელევიზიებში. დღეს ის ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი და რეპორტიორია. წლების განმავლობაში ის ასევე მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო ჯიპა - ფოტოგრაფიის მიმართულებით.
16-11-2024
16-11-2024