გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არ ვიცი სუს-ის ანგარიშში ვინ იგულისხმება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დგინდება დანაშაული, სახელმწიფო მოქმედებს

19-04-2022

დღეს გვაქვს მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, კონკრეტული ტელევიზიები უკვე წლებია აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას, ამის მიუხედავად შეუძლებელია მათ მიმართ რაიმე რეაგირების მოხდენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სუს-ის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოში არიან ძალები, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების მითითებით ხელმძღვანელობენ და არიან მიმართული დესტრუქციის მოწყობისა და ხელისუფლების დამხობისკენ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებები დაბალი სტანდარტით რომ იყოს დაცული, ასაკრძალი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დასახური იქნებოდა მისი ტელევიზიებიც.


„რომ იყოს დაბალი სტანდარტი, აქამდე ასაკრძალი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, დასახური იქნებოდა მისი ტელევიზიებიც, მაგრამ ვერაფერს ვერ უზამ, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის ეს ვრცელდება ორგანიზაციებზეც, საქართველოში არის მაღალი სტანდარტით დაცული. სამწუხარო რეალობაა, არის რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არის დაკავებული, ტვინის გამორეცხვით, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდით, სიცრუის გავრცელებით, რაც არის სერიოზული პრობლემა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ეს აღნიშნულია მათ შორის ეუთოს საარჩევნო ანგარიშში და ა.შ. არის ასეთი სამწუხარო მოცემულობა, რომ დიაგნოზი დასმულია, ამ დიაგნოზზე თანხმდებიან მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა როდესაც საუბარია მკურნალობაზე, ამბობენ, რომ მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. ასეთი მოცემულობაა, ალბათ, ამაზე ფიქრი არის საჭირო. კიდევ ვიმეორებ, დღეს გვაქვს მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების. კონკრეტული ტელევიზიები უკვე წლებია აწარმოებენ ანტისახელმწიფოებრივ აგიტაციას, ამის მიუხედავად შეუძლებელია მათ მიმართ რაიმე რეაგირების მოხდენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, როცა დანაშაულს კონკრეტული ადამიანი ჩადის, ამაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ხდება, თუმცა როცა მედიაზე, პარტიაზე ან რაიმე ორგანიზაციაზეა საუბარი, აქ რეაგირება უფრო რთულია.


„კონკრეტული ადამიანები არიან კიდეც ციხეში, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. მე არ ვიცი სუს-ის ანგარიშში ვინ იგულისხმება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დგინდება დანაშაული, სახელმწიფო მოქმედებს, ადამიანი ხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს. რბილია კანონმდებლობა, მაგრამ ამ რბილი კანონმდებლობის პირობებიც, თქვენ ხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანები იხდიან სასჯელს. კონკრეტული მძიმე დანაშაულებისთვის. რა თქმა უნდა, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, ამ დანაშაულს სჭირდება რეაგირება, ხოლო მეორე თემაა პარტიის, მედიის და ა.შ. აკრძალვა. აქ არის ძალიან მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე უფრო რთულია ჩარევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930