20-04-2022
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში რეკომენდაციები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კოოპერატივების განვითარების და კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში საპარლამენტო კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ სამინისტროს ხედვაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ისაუბრა.
„ყველა პროგრამა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, ორიენტირებულია, წაახალისოს კოოპერატივების შექმნა, ფერმერებს და მეწარმეებს დაანახოს გაერთიანების უპირატესობები. ჩვენ ვაანალიზებთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს. პარლამენტის მხრიდან გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებზეც აქტიურად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციების ჩართულობა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, კანონმდებლობამ, არსებულმა პროგრამებმა, დონორების დახმარებით განხორციელებულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი ბაზისი შექმნეს და ამავდროულად ძალიან საინტერესო მიგნებების გაკეთების საშუალება გააჩინეს, რომლებიც ერთი მხრივ კომიტეტში დამუშავდა, მეორე მხრივ, ამ საკითხზე, არსებულ გამოწვევებზე აქტიურად მუშაობს როგორც სამინისტრო, ასევე დონორების ნაწილიც, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეფორმა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე წარმატებით განხორციელდება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშებიც მოისმინეს.
16-11-2024
16-11-2024