გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: „ომის პარტიის" ყოველი კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

26-04-2022

რამდენიმე დღეა ახალი კამპანია დაიწყო „ქართული ოცნების" წინააღმდეგ „ომის პარტიამ" და როგორც ყოველთვის, ეს კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ამითი არის ხოლმე ყოველთვის გამორჩეული. ამის ნათელი მაგალითი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა და ცალკე სეპარატისტული გაპარვა, შემდეგ ამას დაემატა რუსეთისგან მიღებული ვითომ ფარული ჩანაწერები და მათი აბსურდული ინტერპრეტირება, არახამიას მორიგი ანტიქართული გამოხტომა და საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა, სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის თემით მორიგი მანიპულირება და ყველა ამ თემაზე მედიასა და სოცქსელებში კარგად ორგანიზებული კამპანია. როგორც ყოველთვის, მსგავს კამპანიებს ერთი საერთო ხაზი აქვთ ხოლმე - ყველა განცხადება, ყველა მოთხოვნა საქართველოს და მისი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, მთელი ამ კამპანიის არსი და მიზანი ჯერ კიდევ 29 მარტს მკაფიოდ გამოთქვა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა, დღეს კი კიდევ უფრო მკაფიოდ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.


„ოლექსეი დანილოვი: „საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა. თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა".


„ალექსეი არესტოვიჩი: „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს.


არც მოლდოვისა და, მით უმეტეს, არც საქართველოს ხელმძღვანელობა, ჯერ არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის... პრინციპში, ესენი არ არიან ომის ადამიანები. სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას".


სოზარ სუბარის განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელი პოზიციაა, თუმცა, ომში ჩაბმული ქვეყნის ლიდერებს ასეთი სურვილები რომ ჰქონდეს, ამის გაგება შეიძლება, მაგრამ „როცა იგივე მცდელობებს ქართული ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, ეს გაუგებარიც არის და მიუღებელიც".


„ორი თვეა, მთელი საქართველო უკრაინის ტკივილით ვცხოვრობთ. გული მიკვდება, როცა ვუყურებ განადგურებული ირპენის, ბუჩას, მარიუპოლის კადრებს.

მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, სულ რაღაც 14 წლის წინ როგორ გამოიყურებოდა ულამაზესი ქართული სოფლები - კეხვი, ქურთა, თამარაშენი, ნული, ავნევი... აღარ ჩამოვთვლი, ყველამ ვიცით ეს სახელები. დღეს ამ სოფლების ადგილზე ნასოფლარიც კი არ არის დარჩენილი და ნურავინ დამძრახავს, თუ არ მინდა, რომ ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზარდოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930