28-04-2022
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, საქართველოს ნავსადგურები კი აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირების განვითარებაში მსოფლიოს ქვეყნებთან. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნებას, უსაფრთხოების დაცვას, აგრეთვე სექტორის ყველა მოთამაშეს შორის თავისუფალი საბაზრო პირობების არსებობას, რის გარანტორიც არის საქართველოს სახელმწიფო," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ საზღვაო კოდექსში საქართველოს პარლამენტის ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეაფასა და მათი მნიშვნელობის შეფასებისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა სანავსადგურო ერთეულსა და გემთმფლობელს. მისი თქმით, ისეთ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა პორტი, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი თანასწორუფლებიანი დაშვება და კონკურენციის შენარჩუნება.
„სწორედ ნავსადგურის შესასვლელი არხი განაპირობებს პორტის ღიაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით დღემდე არ არსებობდა საქართველოში საკანონმდებლო რეგულირება, ეს საკითხი ცვლილებებში მისმა ინიციატორებმა გაითვალისწინეს, რათა სამომავლოდ არ შეეშალოს ხელი საზღვაო ტრანსპორტის დარგის სწორ, ეფექტიან და სწრაფ განვითარებას, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასთან ერთად," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ნავსადგურის შესასვლელი არხი არ არის რომელიმე კონკრეტული ერთეულის საკუთრება. ის მდებარეობს საზღვაო აკვატორიაში და სახელმწიფო საკუთრებაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მსგავსი არხები სწორედ სახელმწიფო საკუთრებაა, რადგან ნავსადგურების ღიაობის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნქციაცაა და მას ამაში, ლეგიტიმური ინტერესიც გააჩნია.
16-11-2024
16-11-2024