23-06-2018
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეფასებით, ნატოს ბრიუსელის სამიტი საქართველომ და უკრაინამ მათი სურვილების კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოსახატად უნდა გამოიყენონ, რადგან ზოგჯერ თბილისიდან და კიევიდან დამაბნეველი მესიჯები ისმის.
„იმედი მაქვს, შიდა პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, ქართველები ნათლად ჩამოაყალიბებენ სათქმელს და საერთაშორისო არენაზე მკაფიოდ იტყვიან რა სურთ. ალიანსმა კი დროა, იმის დემონსტრაცია მოახდინოს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია. ახლა დიდი დებატები მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიხატოს საქართველოსადმი მხარდაჭერა კონკრეტულად ამ სამიტზე“, - ამბობს დეიმონ უილსონი.
მისი თქმით, სამიტმა ცალსახად უნდა გაიმეოროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის კომუნიკე, რომ საქართველო ერთ დღეს იქნება ალიანსის წევრი. "ალიანსის და აშშ-ის პოზიცია ასეთია, საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი მიაღწიოს წევრობას. ვფიქრობ, საჭიროა ღია კარს და წევრობას უფრო სტრატეგიულად შევხედოთ“-აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ უილსონი.
დეიმონ უილსონის შეფასებითვე, ალიანსმა უნდა გადახედოს 1995 წლის კლვევას, რომლის მიხედვითაც ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ტერიტორიული დავები. მისი თქმით, ეს ფორმულა მუშაობდა მეგობრულ გარემოში, მაგრამ ვერ იმუშავებს იმ პირობებში, როცა რუსეთი ტერიტორიების ოკუპაციით, მეზობელი ქვეყნების ატლანტიკურ მისწრაფებებს აჩერებს.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge