24-06-2018
ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ლერიკის რაიონში 14 წლის სკოლის მოსწავლე გააუპატიურეს, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა და მწვავე საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მეშვიდე კლასელი გოგონა ადგილობრივი ჩინოვნიკის ძმისშვილმა, 24 წლის ელნურ მამედოვმა გააუპატიურა. გოგონა ახლა ოთხი თვის ფეხმძიმეა. გარდა ამისა, მოძალადემ მომხდარი ვიდეოზე გადაიღო და გოგონას აშანტაჟებდა. როდესაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ამ ყველაფრის შესახებ შეიტყვეს, ახალგაზრდა მამაკაცის გასამართლება თავად გადაწყვიტეს. გოგონას ოჯახმა კი, მშობლიური რაიონი დატოვა და ბაქოში გაემგზავრა.
ვებგვერდი Qafqazinfo წერს, რომ ამ ინფორმაციის პირველწყარო იყო გაზეთ „Tolışi Sədo“-ს რედაქტორი რაფიგა ჯალილოვა. ვიდრე სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები ლერიკში ჩავიდნენ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ამ ვებგვერდის ჟურნალისტებს უამბეს, რომ გაუპატიურება მართლაც მოხდა, და ოლქში ეს ამბავი ყველამ იცოდა.
ვებგვერდი შეეცადა, რომ მსხვერპლის მამას დაკავშირებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.
სამაგიეროდ, მამამ ინტერვიუ მისცა ვებგვერდ Azxeber-ს, სადაც მთლიანად უარყოფს მისი ქალიშვილის გაუპატიურებისა და მისი ფეხმძიმობის ფაქტს. მამა ამბობს, რომ ხსენებული ახალგაზრდა კაცი მისი ოჯახის მეგობარია, რომელსაც, მის ქალიშვილზე დაქორწინება სურდა. მან გოგონას მოტაცება გადაწვიტა, რადგან გოგონას ოჯახი წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების, ვიდრე გოგონა სრულწლოვანი არ გახდებოდა.
როგორც პორტალი 1news იუწყება, ლერიკის რაიონის პროკურატურაში განაცხადეს, რომ გაუპატიურებასთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.
თუმცა, სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი, ჟურნალისტებისა და საზოგადო აქტივისტების მეთაურობით, დარწმუნებულები არიან, რომ გაუპატიურება მართლაც მოხდა, და საქმეს უბრალოდ ჩქმალავენ.
ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილმა ონლაინ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, რომლითაც ის ხელისუფლებას, უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, რომ მომხდარში გაერკვნენ, გამოძიება ჩაატარონ, დამნაშავეები დასაჯონ და გოგონა წამოიყვანონ მშობლებისგან, რომლებიც მოძალადეს ხელს აფარებენ.
ხალხის აღშფოთება იმანაც გამოიწვია, რომ გოგონას მამამ, საკუთარ ქალიშვილსა და „ოჯახის მეგობარს“ შორის მომავალ ქორწინებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ პოტენციურ საპატარძლოს აზრს არავინ ჰკითხავს.
სოციალურ ქსელებში ამ ისტორიაზე მსჯელობისას, ადამიანები, ტრადიციულად, ორ ბანაკად დაიყვნენ: ერთი ნაწილი მომხდარს საშინელ დანაშაულად მიიჩნევს, სამართლის აღსრულებას და მოძალადე კაცის დასჯას მოითხოვს; მეორე ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და გოგონას პირდაპირ ან ირიბად მსუბუქი ყოფაქცევის გამო ადანაშაულებენ – „ანუ გაერთო, დაორსულდა, და ახლა ამის გამართლება სურს“.