29-04-2022
„წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ზრდა 14.4 პროცენტს გაუტოლდა. ზრდის მაღალი მაჩვენებელი თვალშისაცემია, გასული წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებითაც. გასული წლის მარტში ეკონომიკის მხოლოდ 4.0%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო I კვარტალის საშუალო მაჩვენებელი სულაც უარყოფითი- 4.2 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ზრდის დინამიკა აჩვენებს, რომ პოსტ პანდემიური შოკის გარდა, რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური ზეგავლენაც ეკონომიკაზე მინიმუმამდე არის შემცირებული. ჩვენ გვაქვს არა თუ რეგიონში, არამედ ევროპაში და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის მარტში, ისევე როგორც მთლიანად პირველ კვარტალში, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
„თვალსაჩინოებისათვის 2022 წლის მარტში ექსპორტი გაიზარდა 26.3 პროცენტით და 411.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 38.7 პროცენტით გაიზარდა და 329.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
ამასთან, პირველ კვარტალში ექსპორტის ზრდამ სარეკორდო 43.3 პროცენტი შეადგინა, სადაც ადგილობრივი ექსპორტის წილი 73 პროცენტიდან 81 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც დასაქმებას ზრდასთან და სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ერთად, გაცვლითი სავალუტო კურსის სტაბილურობასაც უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მარტში (პანდემიამდე 2019 წლის მარტში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 71.3 პროცენტი იყო და 174 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის 24.4 % ით ზრდასთან ერთად, მარტის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო ყველაზე მაღალი დასაქმების სექტორებში, როგორც დამამუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. პოსტ პანდემიური შოკიდან გამოსვლის კიდევ ერთი მაჩვენებელია, თებერვლიდან მოყოლებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენცია მშენებლობის სექტორში, მარტში ზრდამ 7.6% შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წლის მეორე კვარტლიდან მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია ფიქსირდებოდა.
„პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასევე აჩვენებს, რომ მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის მესამე თვისა, და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო გეო პოლიტიკური სიტუაციისა, პოსტ პანდემიური პერიოდის სირთულეების დაძლევასთან ერთად, წარმატებით ხორციელდება ეკონომიკის გადაწყობა ალტერნატიულ ბაზრებზე, რაც ერთის მხრივ ბოლო წლებში წარმოებული ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების წარმატებულ ხასიათთან ერთად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობაზეც მიუთითებს," - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
16-11-2024
16-11-2024