1-05-2022
თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება.
მათივე ინფორმაციით, მე-4 ქვეით ბრიგადაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა და ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილიც დაესწრო.
„მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებზე ინფორმაცია მიიღეს. ისინი სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნენ. მსგავსი სახის პრაქტიკული მეცადინეობები საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია მოსწავლეები ადგილზე გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკის სისტემები, პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხები და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობების გაცნობა. სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა. საგანი პილოტირების რეჟიმში საქართველოს მაშტაბით 21 საჯარო სკოლაში ისწავლება. პროექტი 2019 წელს 12 საჯარო სკოლაში დაიწყო და 2021 წელს სკოლების რიცხვი 21-მდე გაიზარდა. საგნის პილოტირებაში ჩართულია სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმიც.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, შესაძლო საფრთხეების წყაროები, თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდები, სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, თავდაცვის ძალების არსი და საქმიანობა. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები კითხულობენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024