6-05-2022
„მნიშვნელოვანია, ფერმერებსა და მეწარმეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის და ევროკავშირში ექსპორტის ზრდის გარანტიაა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, რომელიც ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებსა და ფერმერებს/მეწარმეებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა სურსათის კვლევისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. ფერმერებმა და მეწარმეებმა ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები.
„ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებელთა მოთხოვნა, რის საფუძველზეც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩამონათვალის მუდმივი განახლება და დანერგვა”,- განაცხადა ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, მერძევეთა, ფერმერთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024