6-05-2022
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა, ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის Trade Helpdesk-ის" ქართულენოვანი პლატფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მისი თქმით, ონლაინ - პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს 380 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქართველოს არარეალიზებული საექსპორტო პოტენციალის ამოქმედებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში.
„პროგრამა კონკრეტულად ემსახურება მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, მათ წვდომას ინფორმაციაზე. კონკრეტულად, როდესაც ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქციის განთავსებას შეეცდებიან, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ინფორმაცია აღნიშნულ პლატფორმაზე, ასევე იქნება „ერთი ფანჯრის" პრინციპი, როდესაც მეწარმეებს ექნებათ დაინტერესება კონკრეტული პროდუქტების მიმართ, თუ რა მოთხოვნები არსებობს ამ პროდუქტებზე" - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საძიებო სისტემა ასევე საშუალებას იძლევა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ყველა საკანონმდებლო აქტზე, ასევე ნებისმიერ მოთხოვნაზე, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტთან მიმართებაში არსებობს.
„ეს გაამარტივებს პროცედურებს, რომელიც საჭიროა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბაზრებზე წვდომასთან დაკავშირებით" - განაცხადა არველაძემ.
„აღმოსავლეთი პარტნიორობის Trade Helpdesk"-ის ქართულენოვანი პლატფორმა https://eap.tradehelpdesk.org/ka ბმულის მეშვეობით უფასოდ არის ხელმისაწვდომი. მის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებში - როგორც პროდუქტების, ისე მიზნობრივი ბაზრების კუთხით, ასევე, გაიგონ საბაზრო პირობები პროდუქტებისა და ქვეყნების კონკრეტულ კომბინაციათა შესახებ და შეძლონ, მოიძიონ ბიზნესპარტნიორები.
16-11-2024
16-11-2024