24-05-2022
რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და მისივე კუთვნილი ენჯეოების მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება. როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი.
იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. ერთი წამით წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა - რომელიმე მოსამართლე რომ დაებარებინა და თუნდაც, მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა. წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არა აქვთ და მოსამართლეებს „კლანს“ უწოდებენ.
თქვენ წარმოიდგინეთ, მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი რომ გქონდეთ, მერე რას იზამდნენ. არსებობს ასეთი გამონათქვამი - ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს. რადიკალური ოპოზიციაც, თავისი შიდა და გარე სპიკერებით, ზუსტად ასე იქცევა. ჰგონიათ რომ ამერიკის საელჩოც ისე მოიქცევა, როგორც ისინი მოიქცეოდნენ.
მოსამართლეზე ზეწოლა არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და მეთოდი, რომელსაც ისინი 2004-12 წლებში აქტიურად მიმართავდნენ და ახლა იგივეში ამერიკის საელჩოს სდებენ ბრალს.
ნაცმოძრაობას და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო, გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით მოქმედებას - მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა. მე ამის ღრმად მწამს.
ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა-არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს, პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ.
საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.
ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს. 2017-19 წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე, როგორც, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე, გვარამიას და ნაცმოძრაობის სხვა სპიკერების ბულინგისგან.
ბოლოს, თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც გახდება თავდასხმის ობიექტი, მიიღებს სათანადო დაცვასა და მხარდაჭერას ხელისუფლებისგან. ბოლოს, მინდა ამერიკის საელჩოს მივმართო თხოვნით.
მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია. თუმცა, სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს ამერიკის საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო" - განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024