28-06-2018
საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობისა და ცრუ დასმენის ფაქტზე შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თ.ბ.-ს წარუდგინა ბრალდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ.ბ. დედამისთან - ლ.ხ.-სთან ერთად, ქ.თბილისში, ყოფილი მეუღლის, ნ.ყ.-ს საცხოვრებელ სახლთან შვილის წასაყვანად მივიდა. ვინაიდან ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო, ნ.ყ.-ს საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან თ.ბ.-სთან შელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც თ.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ნ.ყ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ნ.ყ. შემდგომი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სახლში შევიდა და კარები დაკეტა. მომხდარით განაწყენებულმა თ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ნ.ყ.-ზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც ნ.ყ. ადგილზე იქნა დაკავებული.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებით ნ.ყ.-ს ბრალეულობა არ დადასტურდა, იგი გათავისუფლებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და პროკურორის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო თ.ბ. - ს წარედგინა ბრალდება 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის შესახებ ნ.ყ. - ს ცრუ დასმენა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), რაც დასტურდება საქმეზე მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულისა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18-12-2024