გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას; არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ასეთი შეგულიანების, ასეთი მოტივაციის

4-06-2022

2014 წელს მივიღეთ კანონი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში აღმოფხვრილიყო ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. მართალი რომ გითხრათ, ეს პრობლემას არც წარმოადგენს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არსებობს პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კითხვაში გაჟღერებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიმართლეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მოქალაქე დაცულია.


„ბატონმა ბრძანა, რომ ოპერატორი მოკლეს ამ კონფრონტაციისას. არ მინდა დეტალებით გადაგღალოთ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ პოლიციამ 30-ზე მეტი პირი დააკავა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე თავდასხმის გამო. მათი გასამართლებაც მოხდა. ისინი ახლა ციხეში არიან. სახელმწიფოს ვალდებულებაც ეს არის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე, მათი ორიენტაციის მიუხედავად ან სხვა რაიმე ნიშნით. მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა მოქალაქე დაცულია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამ გადაწყვეტილებით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება.


„რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ბატონმა ბროკმა დასვა, რომლის ნახვაც ძალიან მიხარია, კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ასეთი შეგულიანების - ასეთი მოტივაციის.


აი წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი! აი ვნახოთ, რა გზავნილს ვუგზავნით ჩვენი რეგიონის ქვეყნებს და სხვებს: ეს ქვეყნები ერთგულნი არიან, რეფორმებს ახორციელებენ, ასოცირების შეთანხმებებს აფორმებენ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააჩნიათ - რაც ხელშესახები შედეგია და რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იყენებენ და მადლობელნი არიან - თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აწერენ ხელს, განაცხადს აკეთებენ და რა? ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს სიმბოლური და აზრიანი სტატუსი მათ არ მიანიჭოს. ეს იქნება შეცდომა! ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი" , - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930