5-06-2022
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა შვედეთის სამეფოში, სტოკჰოლმში საერთაშორისო კონფერენციაზე „სტოკჰოლმი+50, ჯანმრთელი პლანეტა საყოველთაო კეთილდღეობისთვის - ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი შესაძლებლობა“ საქართველოს სახელით გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებზე და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
კონფერენცია შვედეთის მონარქმა, კარლ გუსტავმა გახსნა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჯონ კერი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.
კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის გახსნითი სესია და სამი „ლიდერთა დიალოგი“ ჩატარდა, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანსაღი პლანეტისა და კეთილდღეობის მიღწევა ყველასთვის, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის შესაძლებლობები კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი კომპონენტის განხორციელების დაჩქარება.
როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მაღალი დონის გახსნით სესიაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება და მართვა, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენცია და დაცული ტერიტორიების გაფართოება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად ასრულებს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, წყლის რესურსების მართვა, ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების გაფართოება კვლავ რჩება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხებად მომდევნო წლების განმავლობაში.
„საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირს შეუძლია პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რა პასუხისმგებლობა იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამრიგად, ჩვენ გვაქვს მზაობა, გავაგრძელოთ კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა.
ვინაიდან, კონფერენცია ითვალისწინებდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, გათვალისწინებული იყო ყველას ხმა, სტოკჰოლმის შეხვედრამდე, რამდენიმე თვით ადრე, მსოფლიოს 58 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარდა ეროვნული კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, საგანმანათლებლო წრეები, სათემო და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა 3 ეროვნული საკონსულტაციო შეხვედრა: თბილისში, ბათუმსა და თელავში, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ თავისი მოსაზრებები და შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საყოველთაო კეთილდღეობას დედამიწაზე ადამიანების და გარემოს სასიკეთოდ.
ეროვნულ დონეზე ჩატარებული კონსულტაციების შესაბამისად, გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში მოამზადა „სტოკჰოლმ +50-ის ეროვნული კონსულტაციების ანგარიში”.
16-11-2024
16-11-2024