გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: არც ერთი შუალედური, ორაზროვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან არ იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ, რომელმაც სწორედ რომ უსამართლობასთან ბრძოლას შეალია ძალიან ძვირად გადახდილი ფასი

9-06-2022

„ჯერჯერობით დაუმარცხებელ შავ ლაქებად რჩება დღესაც ევროპის შუაგულში მსოფლიო მასშტაბის ისეთი კრიმინალურ/მაფიოზური კლანების არსებობა, როგორიც არის მაგალითად იტალიური "ნდრანგეტა" - ევროზონის კოკაინით ყველაზე მსხვილი მომარაგებელი და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც იდეალთან ახლოს მყოფი საქართველო იშურებდა თავის ძალისხმევას - მიახლოვებულიყო მაღალ ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს, და არც ევროკავშირში შეგვიტანია ეჭვი, რომ ის საკუთარ გამოვლენილ ნაკლოვანებებს ვერ გაუმკლავდებოდა“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა ჩვენ მოვითხოვთ ევროკავშირისაგან საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.

 

„ევროპაში დაბრუნების გზაზე, ამ ქრისტიანული ცივილიზაციის უხუცესმა "აკვანმა", საქართველომ, თავისი პირველი სამსხვერპლო შენატანი გააკეთა 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ "რკინის ფარდას" ამოფარებულებს, ევროკავშირზე გადამეტებული და იდეალურთან მიახლოებული წარმოდგენები გვქონდა, სადაც სუფევს თავისუფლება, ერთიანობა, დემოკრატია, სიტყვისა და აზრის გამოხატვაზე ადამიანის ფუძემდებლური უფლება, და რაც მთავარია - არ არის კორუფცია და არ არის უსამართლობა. წლები გადიოდა, საქართველოს სისხლიანი ხარკი ევროკავშირის "ყულაბას" არ დაკლებია, მაგრამ იდეალზე წარმოდგენებიც მეტამორფოზებს განიცდიდნენ. თუმცა აღმოჩენილი ნაკლოვანებების მიუხედავად - ევროპული ფასეულობები და დასავლური სამართლიანობა მაინც გვიზიდავდნენ.

 

ვიცვლებოდით ჩვენც - იცვლებოდა ევროკავშირიც. იქმნებოდა სრული შთაბეჭდილება, რომ 90-იანი წლების იმ სანუკვარ ევროპას დღეს რაღაც სენი შეეყარა. ამაში არც იმას ვგულისხმობ, თუ რა ანგარიში წარმოადგინა 2021 წელს საშინაო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრიომმა, რომელმაც ჩვენს ევროკავშირზე წარმოდგენებში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი მოწყვლადი საკითხები, გამოწვევები და რისკები გამოვლინდა ისეთ სფეროებში, როგორიც არის კორუფცია, თავისი ყოველწლიური 120 მილიარდი ევროს ოდენობით კორუფციული დანახარჯებით. სერიოზულ პრობლემად რჩება ევროკავშირის სივრცეში ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიით გამოწვეული დემოკრატიის დეფიციტი.

 

ჯერჯერობით დაუმარცხებელ შავ ლაქებად რჩება დღესაც ევროპის შუაგულში მსოფლიო მასშტაბის ისეთი კრიმინალურ/მაფიოზური კლანების არსებობა, როგორიც არის მაგალითად იტალიური "ნდრანგეტა" - ევროზონის კოკაინით ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც იდეალთან ახლოს მყოფი საქართველო იშურებდა თავის ძალისხმევას - მიახლოვებულიყო მაღალ ევროპულ და დასავლურ სტანდარტებს, და არც ევროკავშირში შეგვიტანია ეჭვი, რომ ის საკუთარ გამოვლენილ ნაკლოვანებებს ვერ გაუმკლავდებოდა.

 

ჩვენ ისევე გვჯერა ევროპის, როგორც მას უნდა სჯეროდეს საქართველოსი, რომელმაც ევროკავშირის მიერვე დაწესებული კრიტერიუმებით, პროდასავლური ფასეულობების ძირითად ინდიკაციებში ევროპასა და მსოფლიოში დღეს წამყვან ადგილებს ვიკავებთ. საქართველოს 1989 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ამ ფასეულობებიდან გადახვევას ადგილი - 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში, როდესაც ავტორიტარიზმზე, ძალადობაზე, ნეოტროცკიზმზე, ადამიანის უფლებათა კონვენციის "გაუპატიურებაზე" დაფუძნებით, ქვეყანა ერთ საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული.

 

საქართველოს ამ წნეხიდან გამოყვანას 9 წელი დასჭირდა და ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ამ "ნანგრევებიდან" გამოსვლის მდგომარეობაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთხოვთ - ჩვენ მოვითხოვთ ევროკავშირისაგან საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას. ნუ შეეცდებიან საკუთარი სისუსტე "გაამაგრონ" ისეთი ხელოვნური და ანგაჟირებული თემებით, როგორიც არის: ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თემა, ქვეყნის მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემების მიმართ უსაფუძვლო ეჭვის გაჩენა, ევროპაში ერთ-ერთი სანიმუშო პენიტენციურ სისტემასთან უნდობლობის გაღვივება და ა.შ. არც ერთი პირობადებული, შუალედური, ორაზროვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან არ იქნება მიღებული ქართული საზოგადოების მიერ, რომელმაც სწორედ რომ უსამართლობასთან ბრძოლას შეალია ძალიან ძვირად გადახდილი ფასი. ბურთი დღეს ევროკავშირის მოედანზეა და მისი გადასაწყვეტია - სამართლიან გზას დაადგება, თუ ფატალურ შეცდომას დაუშვებს“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930