10-06-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ცემენტის საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს და რეგულაციების ეფექტიანად აღსრულებისთვის სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს გააგრძელებს.
„შეხვედრაზე საწარმოებში ჰაერში გაფრქვევის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების პროცესის მიმდინარეობის საკითხი დეტალურად განიხილეს. საუბარი იმ გამოწვევებს შეეხო, რომელიც საწარმოებს რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დანერგვის მიმართულებით გააჩნიათ. აღინიშნა, რომ თითოეული მეწარმე, უახლოეს პერიოდში კონკრეტულ გრაფიკს წარადგენს, თუ რა ვადებში მოხდება საწარმოებში თვითმონიტორინგის სისტემების განთავსება.
2021 წლის 1-ლი ივნისიდან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ, გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემა დანერგონ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ.
საკანონმდებლო ცვლილებით, აირმტვერდამჭერი სისტემის არქონის, ან გამოუყენებლობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, სამრეწველო ობიექტებიდან გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის, ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების შესახებ სექტორული შეხვედრები მომავალშიც იგეგმება,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024