20-06-2022
კომუნიკაციების კომისია, „Log-in Georgia"-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის გადამზადებას განაგრძობს. ციფრული სერვისების გამოყენების შესახებ დამატებით 10 ტრენინგი ცხემლისხიდის, ქვედა და ზედა ბახვის, ბაღდადის, ზედა უჩხუბის, ქვედა და ზედა ძიმითის, ნაგომარის, ვანისქედის, ოქროსქედის, მთისპირისა და თხინვალის მოსახლეობას ჩაუტარდა. სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეები ისეთ მნიშვნელოვან თემებში გადამზადდნენ, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, "Log-in Georgia"-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი საქართველოს 1000-მდე სოფლისა და დასახლებული პუნქტის ინტერნეტიზაცია, სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ციფრული უნარების განვითარება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა. პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. „Log-in Georgia"-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას" კომუნიკაციების კომისია ახორციელებს. ტრენინგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყო.
16-11-2024
16-11-2024