29-06-2018
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის პროგნოზით, წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება ვიდრე შარშან. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძვველს იძლევა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ემყარება ოპერატიულ ანგარიშგებას და დღგ-ს გადამხდელთა ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვე არ არის საკმარისი შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად და ორი სამი კვარტალი მაინც უნდა შენარჩუნდეს ზრდა, რომ უფრო ზუსტი წარმოდგენა შეგვექმნას, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ წელს ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში გაცილებით მეტი იქნება ვიდრე შარშან“ - მიიჩნევს ექსპერტი .
ამასთან, მისი თქმით, ყველაფერი შეფარდებითია და ჩვენი ქვეყანა იმდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რომ სასურველია ეკონომიკური ზრდა ორნიშნას მიუახლოვდეს, საუკეთესო შემთხვევაში კი ორნიშნა იყოს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ზრდა 2007 წლის შემდეგ არ გვქონია. ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე პრემიერის განცხადება, რომ გვექნება ახალი საგადასახადო კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კოდექსი სასურველ რეჟიმში ჩააყენებს ბიზნესს და აკრეფილ სიჩქარეს შევინარჩუნებთ. რა თქმა უნდა არის რისკები, საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა და მხოლოდ შიდა პრობლემების მოგვარება არ არის საკმარისი” - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
18-12-2024