22-06-2022
რაც შეეხება შემდეგ პროცესს, როგორ ვხედავთ და როგორ წარმოგვიდგენია ამ პროცესის მართვა. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება, დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მთელი გუნდი არის მზად, მოტივირებული, რომ გაგრძელდეს ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭიროა ქვეყნისა და ხალხისთვის.
„ასევე, მინდა ვთქვა, მე ეს მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო თქვენს წინაშე, რომ ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა, თქვენთან, პარლამენტთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდი ვართ მზად, მოტივირებული, რომ გავაგრძელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ასევე მინდა შევახსენო ყველას, რომ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი ისედაც იყო უკვე ჩადებული, გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვა აჩენს ჩემში პირადად, თუ რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვა აჩენს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიჩინოთ სიბრძნე, ჩვენ გჭირდება სიმშვიდე, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად, მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მთავარი ჩანაწერი და რაც ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა, ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ყველაზე მთავარი მიღწევა.
აქვე მინდა შევახსენო, მათ შორის ოპონენტებს, რომ 2012 წლამდე ასოცირების შეთანხმების პროცესი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ძალიან გაწელილი იყო დროში. თუ არ ვცდები, 2010 წელს დაიწყო ეს პროცესი. ვინმეს ახსენდება საერთოდ, რატომ არ იყო კრიტიკა, მათ შორის, არავის მხრიდან, რომ რატომ არ იყო საქართველო მოწინავე პოზიციებში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რატომ გაასწრო, უკრაინას რატომ გადაეცა უფრო ადრე შეთანხმების პროექტი, რატომ დაიწყეს მათ ჩვენზე ადრე ეს პროცესი. იგივე ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რატომ დაიწყო უკრაინამ ჩვენზე ადრე, თუ არ ვცდები და შემდეგ დავიწყეთ ჩვენ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა. არ მოსწონთ მათი ამ მძიმე ხელწერის შეხსენება, მაგრამ კიდევ შევახსენებ. პირველ ოქტომბრამდე არა თუ თავისუფალი მედია არ არსებობდა, არც სასამართლო არ არსებობდა, არავითარი ნიშანწყალი. აქ, დღითიდღე, ყოველ დღე დაკანონებული იყო სწორედ დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველ დღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რა მდგომარეობა იყო არ გახსოვთ? რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, რა მორალი გაქვთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024