27-06-2022
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
საგრანტო ოფისის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა შოთა როდინაძემ და უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.
2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.
Horizon Europe-ის საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
Horizon Europe, 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ მასშტაბურ სამეცნიერო პროგრამებში და ევროპელ კოლეგებთან ერთად სხვადასხვა პროექტი განახორციელონ.
16-11-2024
16-11-2024