28-06-2022
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში მსოფლიო კინოინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შეხვდა.
ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მიხეილ ხიდურელმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის მაღალი დონის შეხვედრებსა და კონფერენციებში, მათ შორის ამერიკელ პროდიუსერთა გილდიის შექმნილ პრესტიჟულ ღონისძიებაზე Produced By Conference.
მიხეილ ხიდურელის თქმით, ჰოლივუდში ვიზიტისას საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული შეხვედრები გაიმართა ფილმის მწარმოებელ ისეთ ლიდერ კომპანიებთან, როგორებიცაა Universal Pictures, HBO, Warner Bro, Disney, Paramount, Lionsgate და 20th Century Studios. მისივე განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს კინოინდუსტრიაში არსებული ტენდენციები და რელევანტური საჯარო-კერძო პარტნიორობები.
„ვიზიტის ფარგლებში, კონკრეტულ ფილმებსა და სერიალებზე აქტიური მოლაპარაკებები შედგა სამ მსხვილ სტუდიასთან, რომლებთანაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ. ჰოლივუდში ჩვენმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული იძულებითი შეფერხების შედეგად, საქართველო კვლავ რჩება ჰოლივუდური კინოინდუსტრიისთვის მიმზიდველ ლოკაციად განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც იყო „ფორსაჟი 9". ამ შეხვედრებმა აჩვენა, რომ საქართველოზე კვლავ საუბრობენ ჰოლივუდში და საერთაშორისო წამყვანმა კინოკომპანიებმა იციან, რომ საქართველო მზად არის მოქნილად და ეფექტიანად ითანამშრომლოს მსხვილ კინოსტუდიებთან და შეუქმნას მათ ყველა პირობა გადაღებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
16-11-2024
16-11-2024