გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში

29-06-2022

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ევროპულ პრინციპებთან", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში.


მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.


„ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან. 


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს  მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან  ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. 


„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც  საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და  გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930