გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA-ს დახმარებით, საფრანგეთში ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება განხორციელდა

29-06-2022

პირველად, ქართული ტექნოლოგიის ტრანსფერი საფრანგეთში განხორციელდა. 2022 წლის 22 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ მეციში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მასალების, მეტალურგიისა და პროცესების ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (The Technological Research Institute for Materials, Metallurgy and Processes (IRT M2P)) შორის ხელი მოეწერა „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულებას“.

 

IRT M2P წარმოადგენს ფრანგულ კვლევით ინსტიტუტს, რომელიცინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობს საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, ენერგეტიკის, თავდაცვის, მასალების წარმოებისა და სხვა სფეროებში. ინსტიტუტი ფინანსდება საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების მიერ ერთობლივად.

 

IRT M2P-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სააგენტოს „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში, ამავე პროგრამის მონაწილე სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტზე, რომელიც მოიცავს Ti-B-N-C სისტემის ფუძეზე მრავალფუნქციური კერამიკული მასალებისა და მათგან საჯავშნე ელემენტების მიღების ტექნოლოგიას.

 

„ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის“ მიზანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სამეცნიერო პროექტების დახმარება ტექნოლოგიების გადაცემის პროცესში. GITA -მ  მისი განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო,  აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში 9 სამეცნიერო პროექტი შეირჩა კომერციალიზაციისთვის და ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ზემოხსენებული ტექნოლოგია. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიეცა ექსკლუზიური უფლება, ეწარმოებინა მოლაპარაკებები დაინტერესებულ პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან, დახმარებოდა ქართულ სამეცნიერო პროექტებს განვითარებაში ტექნოლოგიური, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ბიზნესის მზაობის მიმართულებით.

 

როგორც, სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განმარტა, საფრანგეთში ხელმოწერილი „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულება“ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სექტორისთვის და ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირების პირველი პრეცედენტია. IRT M2P საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების დაფინანსების საშუალებით აქტიურად იმუშავებს სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად, რათა განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის ტექნოლოგიური მზაობა, რისი დაფინანსებაც სრულიად ფრანგული მხარისგან მოხდება. 4 ფრანგული კომპანია უკვე დაინტერესებულია ამ პროცესის დაფინანსებით, ხოლო 50% დაფინანსდება საფრანგეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, IRT M2P უზრუნველყოფს ზემოხსენებული ქართული ტექნოლოგიის დანერგვასა და ლიცენზიით გადაცემას ფრანგული ინდუსტრიული კომპანიებისთვის.

 

საყურადღებოა, რომ ქართული ტექნოლოგიის ერთობლივად განვითარების შემდგომ, ფრანგული და ქართული კვლევითი ინსტიტუტები ერთობლივად იქნებიან ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებზე ტექნოლოგიის ლიცენზირების შედეგად მიღებული როიალტი (საფასური) თანაბრად (50/50%) განაწილდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და მიღებული 50%-ის 90% პირდაპირ გადაეცემა სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტს.

 

დამატებით, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 23 ივნისს სააგენტოს თავმდჯომარე ავთანდილ კასრაძე შეხვდა ფრანგულ კომპანია Verkor-ს, რომელიც მუშაობს ელექტრომობილებისთვის ელემენტების წარმოების სექტორში და ხელს უწყობს დაბალი ნახშირბადის ელემენტების განვითარებას ევროპის ბაზარზე. Verkor- იდაინტერესებულია ქართული მანგანუმისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის შესწავლით, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ელემენტების წარმოებაში. მხარეებმა საინტერესო დიალოგი წარმართეს ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებით და საკითხის უფრო სიღრმისეულად განხილვისთვის, Verkor- ი გეგმავს საქართველოში ვიზიტს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930