გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე - მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ფულს, სულერთია რუბლებშია თუ დოლარებში...

4-07-2022

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, რომელიც გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დისშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამაა, სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ის და მისი დეიდაშვილი თითქმის 20 წელია იღებენ ჰონორარს სპექტაკლებიდან, რომელიც სოლიკო ვირსალაძის დადგმულია და რომლებიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება. სამთავრობო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი რუსულ ფულს იღებს უკრაინაში ომის პარალელურად და ამ ფულს ხელისუფლების დასამხობი აქციების ორგანიზებისთვის იყენებს.


რადიო თავისუფლება გოგი ხოშტარიას მის ბიძაზე და ჰონორარებთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრა.

 

რადიო თავისუფლება: ბატონო გოგი, თქვენ 1994 წლიდან იღებთ ჰონორარს სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიდან, როგორც მისი მემკვიდრე. რატომ გახდა ეს საკითხი ახლა საჯარო განხილვის საგანი?


გოგი ხოშტარია: ძალიან ნათელია. ჩემი ქალიშვილია ელენე ხოშტარია, რომელიც სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს. მათ ეს ცხადია, არ მოეწონათ. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი - რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული.


რადიო თავისუფლება: როგორ გაიგეს ამ შემოსავლის შესახებ? ბანკისგან?


გოგი ხოშტარიააშკარად შეკრულია ბატონი რუხაძე [ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი] KGB-სთან. შედარებით დიდი თანხა.... თანხა როგორ მოდის, იცით, გროვდება და წელიწადში რამდენჯერმე, ორჯერ, სამჯერ ირიცხება. როცა ჩემმა ქალიშვილმა მათი მხილება დაიწყო, ამაზე რუხაძემ, მე კი არა, მამაშენიო. მან ის ვერ გათვალა, რომ ელენეს ეგ ვერ შეაშინებს, მეც ვერ შემაშინებს და გამოჩნდა, რომ თვითონ კაგებეშნიკია.


ჩვენ აჭარაში, ბათუმში, ვიყიდეთ პატარა ბინა, ორი ოთახია. მე და ჩემმა მეუღლემ. როგორც კი ვიყიდეთ, მეორე დღეს კი არა, იმ დღესვე იცოდნენ. იქ მოვარდნენ ხალხი, [კითხულობდნენ] რა ფული? რომელ ბანკში? ვინ იყიდა?


რადიო თავისუფლება​: ეს ფული, ბევრი ფულია? აქცია დაფინანსდება?


გოგი ხოშტარიაგააჩნია რასთან შედარებით. უკრაინელებს რომ დავეხმარო, ამას ყოფნის... ჩემთან სახლში ცხოვრობდა თვეზე მეტი უკრაინელი გოგო.


რადიო თავისუფლება​: ხელისუფლებამ თქვა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით 20 ივნისის აქციას აფინანსებდა ელენე. ამას ეყოფა ეს ფული?


გოგი ხოშტარიაამდენი ნამდვილად არ არის. საერთოდ, არც მესმის, რას ჰქვია აქციაზე მოსულ ადამიანებს ფული გადაუხადო. აქციაზე მოდის ის, ვისაც მოსვლა უნდა. ეს ლაწირაკი საწყლები თავს ისულელებენ.


ასი ათასი ადამიანი იყო იმ აქციაზე [გულისხმობს 2022 წლის 20 ივნისის აქციას - რ.თ.], თუ მეტი არა. რაც მე მინახავს, ერთ-ერთი უდიდესი აქცია იყო. როგორ შეიძლება ასი ათასზე მეტი ადამიანი მოიყვანო აქციაზე ფულით. ეს ხომ იდიოტობაა.


რადიო თავისუფლება​: თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ის, რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ?


გოგი ხოშტარიაფრთხილად უნდა იყო. ამ ცუდ და ბნელ საქმეში... ნიჭიერი ადამიანი არ მიდის... თავმოყვარე, წესიერი, ღირსეული ადამიანი ამ სიბინძურეში არ გაერევი. უკრაინას ლანძღვას ვერ დაუწყებ. ასე არ შეიძლება, რაღაცები არის, რაც არ უნდა იკადრო.

მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ საეჭვო ფულს არ ვიღებ, შენ უნდა დამიმტკიცო, რომ ეს რუსული და საეჭვო ფულია.


რადიო თავისუფლება​: მამუკა მდინარაძემ თქვა, პროკურატურას მივმართავთ, თუ არ გაასაჯაროებს ხოშტარიების ოჯახი ამ ფულის შესახებ ინფორმაციასო.

გოგი ხოშტარიამიმართოს. გინდა პროკურატურას და ვისაც უნდა. თუ ომია, ომი იყოს.


ძალიან ბევრი არიან „მლოკავები“, რომლებიც... ცდილობენ მათგან [მთავრობისგან] ქულები დაიმსახურონ. ნაკლებად იცნობენ სოლიკოს, იმდენი ბნელი წამოვიდა, ყველამ არ იცის.


სოლიკო ვირსალაძე დაიბადა ძალიან ინტელიგენტურ, კულტურულ ოჯახში. დედამისი, ელენე მუსხელიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი ევროპული განათლებით, ჟენევაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი. მამა მენშევიკების მთავრობის დროს საგადასახადოს უფროსი იყო. ეხმარებოდა გადასახადების აკრეფაში როგორც ნოე ჟორდანიას დროს, ისე შემდეგში, ბოლშევიკებს და მადლობის ნიშნად დახვრიტეს 1937 წელს, ისე როგორც მამაჩემი...


სოლიკო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მომენტში იმყოფებოდა მაშინდელ ლენინგრადში. იქ რეპრესიები უფრო ადრე დაიწყო და უფრო ადრე შენელდა. საბჭოთა კავშირში რეპრესიები სულ იყო, მაგრამ ეს ტოტალური რეპრესიები იქ 35-36 წლებში იყო.


1936 წელს მოხვდა დეკადაზე, როგორც ოპერა „დაისის“ გამფორმებელი. სულ ახალგაზრდა იყო, 27 წლის.

 

ლენინგრადის საიმპერატორო თეატრმა მიიწვია მხატვრად. დადგა სპექტაკლი და აქედან წერენ, არ ჩამოხვიდე, ევგენი მიქელაძე დაიჭირეს, მამაჩემზე, ეგეც დაიჭირეს, მის მეგობარზე, გოგია ელიავა დაიჭირეს... 25 წელი იმუშავა იმ თეატრში, მთავარ მხატვრად მუშაობდა. როგორც კი პენსიაზე გავიდა, დაწერა განცხადება და ჩამოვიდა საქართველოში.


ერთადერთი წყენა ჰქონდა, მეტი უნდოდა გაეკეთებინა საქართველოში. ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი იყო „ცეკაში“, ვინც ბლოკავდა, აქ რომ არ ჰქონოდა დადგმები.


ეგეთი ნათქვამიც ჰქონდა, ჟენია [ევგენი მიქელაძე] რომ არ დაეხვრიტათ, ჟენია, ვახტანგი [ვახტანგ ჭაბუკიანი] და მე გავაკეთებდით მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალურ თეატრსო.

 

რადიო თავისუფლება​: ახლა ისევ ბევრგან იდგმება მისი სპექტაკლები და ოპერები?


გოგი ხოშტარიაყველგან იდგმება, როგორც დიდ თეატრში, ისე მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ თეატრებში. თვითონ ყველაზე მეტად მოსწონდა „მძინარე მზეთუნახავი“. საკმაოდ მკაცრი იყო თავისი თავის შეფასებაში, ამაზე ფიქრობდა, რომ კარგად გამოუვიდა.


რადიო თავისუფლება​: როგორც ბიძა, როგორი იყო?


გოგი ხოშტარიამე მქონდა უფლება, მეყურებინა, როგორ ხატავდა ესკიზებს. იჯექი, მაგრამ ჩუმადო, მეუბნებოდა - ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, ბევრი რამე მომცა ამან. ძალიან უყვარდა დედა და დები.


რადიო თავისუფლება​: თეატრში დაჰყავდით ხოლმე?


გოგი ხოშტარიაყველა პრემიერაზე ჩავდიოდით. როგორ ჩავდიოდით, იცით? გენერალურ რეპეტიციაზე და პირველ პრემიერაზე ვესწრებოდით, შეიძლება მეორეზეც. ოზონივით იყო, ჟანგბადი იმ დამყაყებულ საბჭოთა კავშირში. ახლაც რომ მახსენდება, ყველაზე ნათელი შთაბეჭდილება იყო, დღესასწაული.

 

radiotavisupleba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930