5-07-2022
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე, რასაც 9 პირის სიცოცხლის მოსპობა და ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, სამი პირი დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ბ. ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლის თაობაზე შეუთანხმდა ხ.ს.-ს და გ.ს.-ს.
2021 წლის 8 ოქტომბრამდე ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, დამკვეთთან შეთანხმებით და მისი ზედამხედველობით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევით, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოშალეს როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია, რასაც კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო ორმა პირმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ასევე, განადგურდა და დაზიანდა კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების უძრავი და მოძრავი ქონება.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 8 ოქტომბერს დააკავეს. ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 124-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), ხოლო ზ.ბ.-ს 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ზ.ბ.-ს 4 წლით, ხოლო გ.ს. და ხ.ს. 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დანიშნული სასჯელების ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
16-11-2024
16-11-2024